რუსი დეპუტატები სამოქალაქო აქტივისტების აგრესიას პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის წყალობით გადაურჩნენ. საქართველოს პარლამენტიდან სერგეი გავრილოვის და მისი დელეგაციის გაძევების შემდეგ საპროტესტო აქციამ სასტუმრო „რედისონთან“ გადაინაცვლა, სადაც დუმის წევრები ცხოვრობდნენ.
რამდენიმესაათიანი მცდელობა მაინც უშედეგო აღმოჩნდა და სერგეი გავრილოვს სასტუმრო „რედისონის“ დატოვება, უცენზურო ეპითეტების მოსმენითა და სირცხვილის კორიდორით მოუწია.
სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსვლის დროს რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებს კვერცხები და წყლით სავსე ბოთლები ესროლეს.
სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სასტუმრო „რედისონიდან“, სუს-ის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს. გავრილოვისა და მისი კოლეგების სასტუმროდან უსაფრთხო გაყვანას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პირადად ხელმძღვანელობდა.
„კურიერთან“ რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საზოგადოების პროტესტი მოულოდნელი იყო. მაშინ, როცა რუსი დეპუტატები სასტუმროში აფარებდნენ თავს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები შენობაში შესვლასა და მათთვის სიმბოლურად მავთულხლართის გადაცემას ცდილობდნენ.
მწვავე პროტესტის ფონზე, სერგეი გავრილოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობის დროს, რადიკალებმა დაიკავეს.
ვიდრე რუსეთის დელეგაცია თავს „რედისონს“ აფარებდა, სამოქალაქო აქტივისტებს სასტუმროს ყველა გასასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ.
საბოლოოდ კი, არასასურველმა სტუმრებმა ქვეყანაში ვიზიტი ვადაზე ადრე დაასრულეს. მათი უსაფრთხოდ გაცილება კი საკუთარ თავზე საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ აიღო.