პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებულების უფლებებს საია-ს ადვოკატები იცავენ. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ მათთან რეკავენ ისეთი მოქალაქეები, ვინც ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ.
სალაძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო 2011 წლის 26 მაისის სასამართლოსგან არ განსხვავდება.
„სრული ქაოსია სასამართლოში. მთელი დღის განმავლობაში საია-ს იურისტები აქ არიან. ორმოცზე მეტი პირის მიმართ ვახორციელებთ ჩვენ დაცვის უფლებას და მინდა გითხრათ, რომ უამრავი ადამიანი, როგორც ამბობენ დაცვის გარეშე. იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ყველას გაწვდეს. ამ დრომდე, ჩვენ ცხელ ხაზზე გვირეკავენ ადამიანები და ამბობენ, რომ ვერ პოულობენ მათი ოჯახის წევრებს, ეძებენ და როცა ვლაპარაკობთ სასამართლოზე. უნდა ვთქვათ, ისიც რომ დღეს ეს სასამართლო პროცესები არაფრით განსხვავდება პრაქტიკულად 2011 წლის 26 მაისის სასამართლო პროცესებისა, როდესაც სასამართლო რაღაც კონვეინერული წესით ერთმანეთის მიყოლებით იღებდა გადაწყვეტილებებს. პრაქტიკულად, ყველას პატიმრობის სახით, 11-12 და 13 დღეს უსჯიან, ყოველგვარი მტკიცებულებების გამოკვლევის, ყოველგვარი მოწმეთა ჩვენებების გარეშე,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.
მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.
აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.
შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.