„მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო არის ასეთი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის დეზერტირების ბაზრობა,“ - ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოში იმ პირთა პროცესებს ესწრება, ვინც გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
აქციაზე დაკავებულების პროცესები გრძელდება საქალაქო სასამართლოში. ამ დროისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდა 100-მდე დაკავებულს.
დაკავებულთა შორის არის ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც აბრალებენ, რომ აქციაზე იგინებოდა. სასამართლოში იმყოფებიან პოლიტიკოსები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარლე წევრები, რომლებიც პირველ ინსტანციაში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ.
ანა დოლიძე ამბობს, რომ რეალური მოწმე ბრალდების მხარეს არ ჰყავს და მოქალაქეები უსამართლოდ არიან დაკავებულები. დოლიძე ამბობს, რომ ხვადაგიანი ნაცემია.
„მოწმე არ არის, ვიდეო არ არის, ციხეში უშვებენ და არც უცხადებ სახელს და გვარს? არც ეუბნები, ვინ არის? ნაცემია, ხვადაგიანს გალურჯებული აქვს სახე, არ გადაგვაღებინეს სურათი, სჭირდება ექიმი, მოწმე არ არის, ვის დაუკავებია, არავინ არ იცის, გახარიას შნირი, უბედური პატრული ზის აქ და იმეორებს შაბლონურ ტექსტს ას ადამიანზე, ერთი და იგივეს, ეს ნორმალურია? ეს არის ჩინჩალაძის სასამართლო,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.