19 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
სისხლიანი ნადირობა - სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების და რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ, მოქალაქეებს ქუჩებსა და სადარბაზოებში დასდევდა 

სისხლიანი ნადირობა აქციის მონაწილეებზე - სამართალდამცავებმა დამამცირებელი და არაადამიანური მიდგომა გამოიყენეს პარლამენტის წინ შეკრებილების დასაშლელად.

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ პოლიცია დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დაედევნა, ერთ-ერთ მათგანს კი, რომელსაც ხელბორკილები უკვე ადევს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაკავების შემდეგ სახეში აფურთხებს.

უშუალოდ აქციის ადგილზე მიმდინარე სისხლიანი პროცესების შემდეგ აქციის მონაწილეებზე ნადირობა, უბან-უბან გაგრძელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, პოლიცია დემონსტრანტებს სახლებამდე მიყვებოდა და მათ ნაწილს ავტოფარეხების და მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებზეც კი დასდევდა.

სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, საზოგადოება - ყველა, ხელისუფლების გარდა, თანხმდება, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა, აქციიდან წასულ ხალხს ჩიხებსა და სადარბაზოებში სდევნიდა, აკავებდა სცემდა და იზოლატორში გადაჰყავდა.

ქართულ ორგანიზაციებთან ერთად ევროპული სტანდარტების და გაეროს კონვენციის დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. Human Rights Watch-ის განცხადებაში 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებად არის შეფასებული.

ათობით დაშავებული და დაჭრილი მოქალაქე და აქციის ორი მონაწილე, რომელმაც პოლიციის მიერ დამიზნებით ნასროლი ტყვიებით მხედველობა დაკარგა. ეს უმძიმესი შედეგი სამოქალაქო სექტორის განცხადებით, სამართალდამცველების მიერ გამოყენებულმა არაპროპორციულმა ძალამ განაპირობა.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, პოლიციამ რეზინის ტყვიებთან ერთად ე.წ. რაკეტისებური ტყვიები და წიწაკის გაზი გამოიყენა. ხელკეტი, წყლის ჭავლი, ჯავშანმანქანები და აქციების დასაშლელად საჭირო ხმოვანი აპარატურა - რუსთაველის გამზირზე წუხელ მთელი არსენალი გამოიყენეს.

ამის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" დღეს ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური, გამოყენებული ძალა კი, დასახიჩრებული ადამიანების წინააღმდეგ, პროპორციული და ლეგიტიმური იყო.

მომწამლავი აირით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, რამდენიმეს მდგომარეობა ამ დროისთვისაც მძიმეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები