19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი მოვლენები - რუსთაველზე აქციის მონაწილეთა დარბევას კობახიძის თანამდებობა შეეწირა 

სერგეი გავრილოვისთვის დათმობილი სავარძელი პარლამენტის თავმჯდომარეს სამუდამოდ დაატოვებინეს. ირაკლი კობახიძე, რომლის პოლიტიკური სტატუსი "ოცნების" პოლიტსაბჭოს 3 საათიანი სხდომის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა ისე წავიდა პოსტიდან, რომ არც ერთი განმარტება არ გაუკეთებია.

ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შევიდა და სამ საათში შენობიდან რიგითი დეპუტატის სტატუსით გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი სახალხო მღელვარებამ შეიწირა.

ივანიშვილმა სისხლიანი 20 ივნისის შემდეგ გახარია გადაარჩინა და მის ნაცვლად ირაკლი კობახიძე გაწირა. ირაკლი კობახიძეს უმრავლესობის ლიდერით, არჩილ თალაკვაძით ჩაანაცვლეს და არა მისი პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილით. სავარაუდოდ, ჩუგოშვილის საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელმაც დეპუტატ გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა საჯაროდ გააპროტესტა და თქვა, რომ მის გუნდს არ ეთანხმებოდა.

ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, დეპუტატის მანდატი დათმო ზაქარია ქუცნაშვილმა. ის დღეს „ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დაწყებიდან 2 საათში დაიბარეს. ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს თმობს თუმცა მიდის თუ არა პარტია "ქართლი ოცნებიდან" ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

უმრავლესობა დღეს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის, განცხადებასაც ამართლებდა. მთავრობის მეთაური გუშინ პარლამენტში ამტკიცებდა, რომ "ოცნების" ხელწერა არ არის დარბევა და რეზინის ტყვიების მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში "ოცნებამ" რუსთაველზე აქცია ყველაზე მძიმე ფორმებით დაარბია, გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც და რეზინის ტყვიებიც. მამუკა ბახტაძეს თავისივე განცხადებაზე დღეს განმარტებები აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები