ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. ასეთია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის პასუხი შს მინისტრის განცხადებაზე, რომლის ინფორმაციით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული.
თავად ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის კონკრეტული საქმე, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს უცნობია. მისივე თქმით ის არ ენდობა გამოძიებას და ამიტომ მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს ჩვენებას.
„კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ დაუსახელებიათ. ჩემთვის უცნობია რა საქმეზე. იმავდროულად შევატყობინე, წერილი გავუგზავნე, რომ თანახმა ვარ გამოვცხადდეთ გამოკითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან და კანონით მე ეს უფლება გამაჩნია. მას შემდეგ რაც მოსამართლე გადაწყვეტს კონკრეტულ დროს, მე სასამართლოში გამოვცხადდები და ჩვენებას მივცემ,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. თუმცა ამბობს, რომ ეს საპროტესტო მუხტს ვერ ჩაახშობს.
„მათ ფანტაზიაში რა იხარშება ვერ გეტყვით. ის რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ის რომ ეს არის მიმართული იმისკენ რომ დააშინონ ადამიანები მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ივანიშვილის დასასრული დაწყებულია.
"არ ვიცი, არც ვფიქრობ ამაზე. შესაძლებელია მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება მაგრამ ერთხელ ერთ ხელისუფლებას როგორ დაუჯდა ეს ყველაფერი ყველას კარგად ახსოვს, ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაფარავს. ეს არის გაბრაზებული ხალხის პროტესტი და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია,. ეს არის ახალგაზრდების მიერ მართული აქცია, რომლებმაც გუშინ ახალი საქართველო შექმნეს,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, ნიკა მელია და გიგი უგულავა არიან დაბარებული.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით გამოძიება უნდა დაიწყოს არა მის წინააღდეგ, არამედ გიორგი გახარიას წინააღმდეგ რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები დააშინა.