რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის სისხლიან დარბევაზე სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. ავტორიტეტული არასამთავრობოების გაერთიანება მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა სწორი, თუმცა დაგვიანებული ნაბიჯი იყო.
20 გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას კიდევ რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. გუშინდელი სისხლიანი და უმძიმესი ღამის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს დამიზნებით ესროდნენ, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი საკმარისი არ არის და თანამდებობა გიორგი გახარიამაც უნდა დატოვოს. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომიტინგეები ძალოვანებმა წინასწარ არ გააფრთხილეს დაშლისთვის დრო არ მისცეს.
კიდევ ერთი და მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. იმისთვის, რომ გუშინდელი უმძიმესი ღამის შემდეგ საქართველოსი პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს, კონსულტაციები უნდა დაიწყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ამ პროცესში შუამავალი საერთაშორისო ორგანიზაციები და მესამე სექტორი იქნება.
ამ მოთხოვნებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ და პირველი კონსულტაცია პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართეს. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას არ თმობს, საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციებისთვის კი ნაწილობრივ მზად არის.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციების დაწყებას არ გამორიცხავს.