„ეს იყო ძალის დემონსტრირება“ - ეს განცხადება, საქართველოს "რესპუბლიკური" პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილი, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გააკეთა.
ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას დიდი ხანია სურს, საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს და გუშინ, ამისთვის სწორედ შესაფერისი მომენტი დადგა.
„ეს ადამიანები დიდი ხანია მზად იყვნენ უხეშობისთვის, მზად იყვნენ სისასტიკისთვის. მათ ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებოდათ. ის, რაც გუშინ მოხდა, სინამდვილეში, ეს არ იყო მარტო ახალგაზრდების დარბევა, ეს არ იყო მარტო რუსული ოპერაცია, ეს არ იყო მარტო გავრილოვის წყენინებაზე აქცენტი... შეცდომის აღიარება, მაც მათთვის მომაკვდინებელია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს, მე მგონი პირველად მოუწია ოდნავი აღიარება, მთლად ბოლომდე ვერა... ეს იყო ძალის დემონსტრირება,“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ახლა ნაწყენია იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძის გაშვება მოუხდა.
„ის ვერ გრძნობს დღევანდელ სიტუაციას, საშინლად ნაწყენია, რომ მოუწია, თუნდაც მისთვის უკვე დიდი ხანია ჩამოწერილი ირაკლი კობახიძის გაცემა. მაგრა, იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი საკმარისია“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას და ახალგაზრდების პროტესტს აფასებს და მას ხალხის სიტყვას უწოდებს.
„ის რაც ხდება დღეს, ეს არის ახალი სიტყვა საქართველოს ისტორიაში, ეს სხვა მოვლენაა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ბავშვები რომ იზრდებიან, ბოლოს დადგება ისეთი მომენტი, პოლიტიკას გემოს გაუგებენ, თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდები. ეს მომენტი დააჩქარა და დადგა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ისტორია იცვლება, ჩვენ ვართ პოსტ საბჭოთა ქვეყანა და ახლა შეიძლება პრე ევროპული ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.