19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"ოცნებამ" მოახერხა, რომ რუსული მხარე თხოულობს და თითქმის ლეგიტიმურად აცხადებს მის მონაწილეობას ჩვენს გამოძიებაში - ჭიჭინაძე

რუსი დეპუტატის მოწოდებას, რომ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ რუსი სამართალდამცავები ჩართოს გამოძიებაში, სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.

დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან „ოცნების“ მისამართით მოთხოვნები გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტში სპიკერის სკამი დაუთმეს.  

ჭიჭინაძე დუმის დეპუტატის მოთხოვნას კრიტიკით პასუხობს და ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების გადაბარება ახალი პოლიტიკური ძალისთვის მოუწევს.

„ის, რაც იკადრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, როდესაც მას საკუთარი სავარძელი დაუთმეს უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ ისინი კიდევ სხვა რაღაცასაც თხოულობენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი, ექსტრემიზმი ჩვენ არავის წინაშე არ ჩაგვიდენია. ქართული მხარე ვერ დათანხმდება იმიტომ, რომ საკმარისი იქნება მაგის გაცხადება და ამ ხელისუფლების დამთავრება ერთი იქნება. როგორ შეიძლება ჩვენ ვიბრძოდით ამდენი წელი დამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ გავქცეოდით რუსეთის ჩარევას ჩვენს გამოძიებებში და საქმიანობებში და "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ რუსული მხარე თხოულობს და თითქმის ლეგიტიმურად აცხადებს მის მონაწილეობას ჩვენს გამოძიებაში,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

სერგეი გავრილოვი ვითარების პროვოცირებას ახლა უკვე მოსკოვიდან ცდილობს. გავრილოვი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მანამდე რადიკალებს აბრალებდა, ახლა აცხადებს, რომ ამ რადიკალებს სახელმწიფოს გადატრიალება ჰქონდათ განზრახული.

სათათბიროს დეპუტატი ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ძიების დაწყებას ურჩევს და პროცესში რუსეთის ჩართვას მოითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები