რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ. ისინი ორ მთავარ მოთხოვნას აყენებენ - გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და გადადგეს გიორგი გახარია. ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე აქვთ.
„ჩვენი მოთხოვნები იგივეა - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული და ამისთვის გაძლევთ ვადას დღის ბოლომდე. გადადგეს გახარია! ამისთვისაც გაძლევთ დროს დღის ბოლომდე,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
აქციის მონაწილეების მესამე მოთხოვნა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ისინი მოითხოვენ დაიწყოს პროცედურები ვადამდელი არჩევნებისთვის, რომელიც პროპორციული წესით გაიმართება.
პარლამენტის წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. საქართველოს მოქალაქეები პარლამენტთან უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს, საპროტესტო აქციის დარბევას, მოქალაქეთა დასახიჩრებას და სწორედ ამის გამო აყენებენ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს.