19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ჰექტრობით მიწები და ფეშენებელური სახლები - ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან მილიონებით წავიდა 

ძველ თბილისში, ტურისტულ ზონაში, ტურგენევის ქუჩაზე, სადაც სასტუმროს მშენებლობისთვის მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა 5 ოჯახი გამოასახლა.

1000 კვ.მ.-ზე მეტი ფართის შეძენა, ჩუღურეთში, ქუცნაშვილს 230 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი დაუჯდა. სავარაუდოდ, ამდენივე ან გაცილებით მეტი დასჭირდება ძველი შენობის სასტუმროს გადასაკეთებლად და კიდევ უფრო მეტი მოსაწყობად, რომ ტურგენევის 2 ნომერი, ტურისტების მისაღებად მზად იყოს.

სასტუმროს მშენებლობისთვის ზაქარია ქუცნაშვილმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სესხი აიღო. ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი სახელწოდებითაც და საქმიანობითაც კორუფციის შეჩერებას ცდილობს, ზაქარია ქუცნაშვილის ქონების ზრდის დინამიკას დიდი ხანია აკვირდება. ბოლო შენაძენი აფიქრებინებთ, რომ საქმე შავ ფულთან გვაქვს, რადგან მმართველი გუნდის წევრის შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს ვერ აბალანსებს.

გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ "კურიერმა" თავად დეპუტატს მიმართა, თუმცა დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ ის ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა, არც სახლში დაგვხვდა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა. ამიტომ პასუხები "კურიერმა" მისსავე  დეკლარაციაში მოვძება. ზაქარია ქუცნაშვილის 2012 და 2019 წლების ქონებრივი მდგომარეობა დეკლარაციის მიხედვით, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

ტურგენევის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს გარდა, მიმდინარე წლის დეკლარაცია სხვა პუნქტების გათვალისწინებითაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. მხოლოდ 2018 წელს ქუცნაშვილებს მილიონი ლარის ქონება აქვთ შეძენილი. არადა დეპუტატის წლიური ხელფასი 56 835 ლარს შეადგენს.

ქუცნაშვილებმა მიწის ნაკვეთი გასულ წელს ყაზბეგშიც შეიძინეს. დეკლარაციის თანახმად, ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ თეა სანიკიძემ, დაბა სტეფანწმინდაში, 888 კვ.მ. მიწაში 35 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

ომარ ქუცნაშვილს, ზაქარია ქუცნაშვილის მამას, 76 ათასი ამერიკული დოლარი დაუჯდა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ სამშენებლო კომპანიაში ბინის ყიდვა.  ბინა დაკეტილია და ტერიტორიაზე შესვლის უფლება არავის აქვს.

ქუცნაშვილები საბურთალოზე ​არასაცხოვრებელ უძრავ ქონებასაც აქტიურად აგროვებენ. საბურთალოს 32 ნომერში, 88 კვადრატულ მეტრში დეპუტატმა ქუცნაშვილმა 70 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. 2019 წლის დეკლარაციის თანახმად, გაადიდეს და კიდევ მიუმატეს ფართი ქუცნაშვილების 4 სართულიან სახლს საირმის გორაზე. ეს ფეშენებელური შენობა დოკუმენტში 180 ათას ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

"ოცნების" ყოფილი დეპუტატისა და მისი ოჯახის აზარტი, რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონება დააგროვონ, თბილისის ცენტრსაც სცდება. ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ 30210 ლარი გადაიხადა 1590 კვ.მ-ში, რომელიც ლილოში მდებარეობს. ასევე ქუცნაშილების ბალანსზეა 450 კვ. მ. დაბა სიონშიც.

ქუცნაშვილების ოჯახს მიწის ნაკვეთები აქვს მშობლიურ მხარე, თიანეთშიც. მხოლოდ სოფელ ხოფცაში 4 მიწის ნაკვეთი, რომელიც მინიმუმ 5 ათასი კვადრატული მეტრია და სახლი, რომელიც 155 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ის რასაც ვერ ამბობენ, ნაწილობრივ მაინც ასახულია, საჯარო მოხელის მიერ, სავალდებულოდ შესავსებ დოკუმენტში. ხოფცას გარდა, ქუცნაშვილებმა 2 მიწის ნაკვეთი შეიძინეს სოფელ ზარიძეებში და კომერციული მიზნებისთვის, 602 კვ.მ. დაიკანონეს ხევსურთსოფელში. ეს 345 კვ.მ-ის ნაგებობა, სადაც ლაუნჯია განთავსებული, ქუცნაშვილებისაა.

ქონების შესაძენად ქუცნაშვილს დეკლარაციაში მამის და ცოლის სამეწარმეო საქმიანობა აქვს მითითებული. ადგილზე ვნახეთ კომპანიები, რომელთა საშუალებითაც ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, მისი ოჯახის ბიუჯეტი ივსება.

შპს ჯეოინჟინირინგია - აქ ყოფილი დეპუტატის მამა, ომარ ქუცნაშვილი მუშაობს. ამ კომპანიამ დოკუმენტების თანახმად, გასულ წელს 106 184,21 ლარის სარგებელი მოიტანა. შედარებისთვის კი ამავე კომპანიას 2012 წელს ანუ ზაქარია ქუცნაშვილის გადეპუტატებამდე მხოლოდ 39 ათასის მოგება უფიქსირდებოდა. ომარ ქუცნაშვილი ადგილზე არ დაგვხვდა, ოფისშიც მხოლოდ 1 ადამიანი იყო და ისიც ისეთი, რომელსაც ჩვენს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

"ჯეო ინჟინირინგის" გარდა, ომარ ქუცნაშვილი ხელფასს საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაშიც იღებს. თვეში დაახლოებით 1500 ლარი გამოსდის, მაგრამ ბატონი ზაქარიასთვის თანხის ეს ოდენობა მიზერულად ითვლება. მამის გარდა, ოჯახში შემომტანად, ქუცნაშვილს ცოლიც ჰყავს დეკლარაციაში შეყვანილი. მიცკევიჩის 27ბ-ში ზაქარია ქუცნაშვილის ცოლის კომპანიაა რეგისტრირებული. "ნიტა პროქიურმენტ გრუპს" თეა სანიკიძე ხელმძღვანელობს. კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ათობით ათასი ლარის შემოსავალს იღებენ, მითითებულ მისამართზე დიდი ხანია არ უნახავთ.

გამოძიებას საფუძვლად მხოლოდ 2 დოკუმენტი, 2012 და 2019 წლების დეკლარაციებიც შეიძლება დაედოს. თუ 2012 წელს ზაქარია ქუცნაშვილს ანგარიშზე მხოლოდ 750 ლარი ედო, დღეს, მისი შემნახველ სეიფზე 30 ათას დოლარზე მეტი ინახება.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ქონებისა, რომელიც დეპუტატმა ხელისუფლებაში ყოფნის 7 წელში დააგროვა.

 

ავტორი: მაკა ჩიხლაძე, ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები