აქციის მესამე დღე პარლამენტთან - მოსახლეობის მშვიდობიან აქციას მესამე სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ შორის, მწერლები და მხატვრები.
საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.
აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.
აქციაზე იმყოფება იურისტი, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის ან ოპოზიციის აქცია და ამიტომ არ გვიერთდება, ჩემი მოწოდება იქნება, რომ თქვენ მოდით და თქვენ დაიკავეთ ეს სივრცე და თქვენი გახდება ეს აქცია, იმიტომ, რომ არ შეიძლება მაშინ, როდესაც სამშობლოს სჭირდება ჩვენ იმაზე დავიწყოთ დავა, ვის რა პოლიტიკური წარსული თუ მომავალი გვაქვს,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მწერალი, თორნიკე ჭელიძე კი ამბობს, რომ აქციაზე არმისვლა ომის დროს სახლში ჯდომას უთანაბრდება.
აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნებს იზიარებს მხატვარი, გია ბუღაძე. ის ამბობს, რომ აქციაზე ახალგაზრდებთან ერთად წინა თაობის მოქალაქეებიც უნდა დადგნენ.
პარლამენტის წინ აქცია უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.