„ჩვენმა ხელისუფლებამ, გახარიამ, ჩათვალა, რომ ჩვენ ვართ ცხოველები და ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით დაგვერია,“ - ეს განცხადება, ნინო დანელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
დანელიამ სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლა გააკრიტიკა. მან გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდა.
„ძალას არ გადავამეტებთო, აბა ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით დაგვასახიჩრეს, არ არის ეს ძალის გადამეტება ხალხო? არ გაგვაფრთხილეს და ცინიკურად გვითხრეს, თქვენ ხომ არ გაგაფრთხილეთო, ჯიბრში უდგებიან ხალხს,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
აქცია რუსთაველის გამზირზე ოთხ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.
აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.