„ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაგვთიშა,“ - ეს განცხადება, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მან შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შეასრულოს და პირველ რიგში, გიორგი გახარია გადადგეს.
„დღეს ჩვენ ყველა ვეუბნებით იმ ხელისუფლებას, რომელმაც ოკუპანტების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებზე ნადირობა გამოაცხადა, ვეუბნებით უარს. გახარია გადადგება, ჩვენ მოქალაქეებზე მონადირე გახარია, გადადგება,“ - განაცხადა კორძაიამ.
აქცია რუსთაველის გამზირზე ოთხ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.
აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.