„20 ივნისს წაიშალა ყველა ზღვარი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის. ეს აქცია არის ზეპარტიული,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ივანიშვილის რეჟიმი დასრულდა.
„გახარია, რომელიც თანამედროვე როდიონოვივით გამოვიდა გუშინ ტელევიზორში და თითის ქნევით გველაპარაკებოდა, თუ მაგარი ბიჭია, გავრილოვისთვის დაექნია თითი, ფიანდაზები, რომ დაუგო და ისე შემოუშვა საქართველოში. დღეს ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება, ბოლო ბასტიონი ოლიგარქიატის დაეცა საქართველოში 20 ივნისს,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
აქცია რუსთაველის გამზირზე ოთხ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.
აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.