რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად ფრენებს ქართული ავიაგადამზიდავებიც შეწყვეტენ. ეს ვლადიმერ პუტინის მეორე განკარგულებაა, რომელიც სისხლიანი 20 ივნისის ღამის შემდეგ, ქართველი ხალხის დასასჯელად და ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად გასცა. რუსეთის ლიდერმა ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის მიმართულებით ფრენები აუკრძალა და საქართველოს ეროვნულ ავიახაზებს დავალიანების გადახდა მოსთხოვა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ მოსკოვისთვის 800 ათას დოლარზე მეტი მართებს. უწყების მტკიცებით, დავალიანების არსებობა საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, მაგრამ თანხა დღემდე არ დაუფარავს.
„ჯორჯიან ეარვეისში“ კი, რომელიც ერთადერთი კომპანიაა, რომელიც რუსეთის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს, აცხადებენ, რომ არავითარი დავალიანება კომპანიას რუსეთის მიმართ არ აქვს.
კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაარღვია თავად პუტინის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა ფრენები საქართველოში რუსულ კომპანიებს აუკრძალა და ის ქართულ კომპანიებს არ ეხებოდა.
„დავალიანება "ჯორჯიან ეარვეისს" არც ერთი მანეთი არ გააჩნია. ეს სრულიად თითიდან გამოწოვილია. პრაქტიკულად, რუსულმა ტრანსპორტის სამინისტრომ დაარღვია პუტინის ბრძანებულება. პრეზიდენტმა პუტინმა აუკრძალა, პრაქტიკულად, რუსულ კომპანიებს ფრენა. მაგრამ ეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა ქართულ კომპანიაზე. უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია, რაც მოყვანილია იმ წერილში,“ -განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თვითნებურად შეწყვიტა რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის ხელშეკრულება, რითიც, ფაქტობრივად, კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.
„ჩვენ ჩვენს მგზავრებს გადავიყვანთ და გავაგრძელებთ ჩვენს ფრენებს ერევნის აეროპორტის გავლით. არავითარი უფლება არ ჰქონდათ. ალბათ, ეს იქნება შემდეგი გასაჩივრების ერთ-ერთი საფუძველი, რომ ის ზარალს, რაც მოყენებულია ჩვენთვის მოეთხოვებათ იმათ, ვინც მოგვაყენა. კომპანია გაკოტრების პირზეა თუ საქართველოს მთავრობა გვერდში არ დაგვიდგება, ალბათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით,“ - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.