19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები და სცენა, თორემ მიიღებთ უფრო მწვავე პროტესტს - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქათველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერიას მიმართავს -სასწრაფოდ დააბრუნოს რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა და ჯებირები. ელენე ხოშტარიას თქმით, კალაძე ცდილობს, ხელი შეუწყოს პროვოკატორებს, რომლებიც  მშვიდობიან აქციაზე პროვოკაციებს აწყობენ და სწორედ ამ მიზნით იქნა ადგილიდან ჯებირები გატანილი. მისივე განცხადებით, კალაძემ ჯებირების აღებით გზა გაუხსნა პროვოკატორებს, რომ ისინი სცენასთან უფრო ახლოს მივიდნენ.

„ხელისუფლება გადავიდა ხელის შეშლის სტრატეგიაზე იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ვერანაირად ვერ ჩაახშობენ საზოგადოებრივი პროტესტს. მერია, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა, რომ იზიარებს სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, მერიამ დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები. მინდა, მივმართო მერიას, სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირებიც და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელის შეშლით თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. ეს არის უბრალოდ სასაცილო, რომ ამას უპირისპირებთ ამხელა მრავალრიცხოვან პროტესტს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებისა.

ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულება აქვს მერიას, მათ არ აწყობთ იმიტომ, რომ ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს, რომ აურიონ სიტუაცია. სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, ადამიანების კუთვნილი სცენა და გონს მოეგეთ, თორემ მიიღებთ კიდევ უფრო მწვავე პროტესტს.

ჩვენ არ გვეშინია არც პროვოკატორების. ნუ აწვალებთ ამ ხალხს, ამ აქტივისტებს, რომ ჩხუბი და უბედურება წამოიწყონ. არაფერი არ გამოგივათ, პროტესტი იქნება მტკიცე,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული სცენა, „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი აიღეს. ასევე მოხსნილია ჯებირები. აღნიშნულ ადგილზე უკვე სამი დღეა, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს 7 საათზე განახლდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები