„დავიწყეთ თუ არა ხმაური, ყველაფერის დაბრუნება მომენტალურად დაიწყეს“ - ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა რუსთაველის გამზირიდან სცენის წაღების შესახებ გააკეთა.
მაქარაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან. მისი განცხადებით, სანამ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს, აქციები გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ 2020 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მეორე - დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს საქართველოს შს მინისტრი, გიორგი გახარია, მესამე - სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მეოთხე - ადეკვატურად უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას.
„ვიყავით საკრებულოსთან ჩასული და გვითხრეს, წაიღეს რომ გაესუფთავებინათ ეს ტექნიკა. ბუნებრივია, არავითარი ზედმეტი კითხვები აღარ დაგვისვამს, მადლობა გადავუხადეთ, რომ გაასუფთავეს, თავის ხელით მოიტანეს და მეტიც, "ქართულმა ოცნებამ" რა ქნა - რა წამსაც დაიწყო მოსახლეობის დარბევა, იმ წამიდან გაიზარდა აგრესია და გაიზარდა ხალხის რაოდენობა. წაიღო ორი სცენა. ნუ შვებით რა, თორემ კიდევ უფრო ვბრაზდებით და კიდევ უფრო მეტნი მოვდივართ და კიდევ უფრო გიმცირდებათ დრო. შეეშვით პროვოკაციებს, გირჩევნიათ, ეს დრო დახარჯოთ იმაზე, რომ იფიქროთ ჩვენი მოთხოვნების დროულ შესრულებაზე იმიტომ, რომ არც ერთ შემთხვევაში, ოთხივე ჩვენი მოთხოვნის შესრულების გარეშე, ჩვენ აქედან არ წავალთ,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს. პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს ასევე „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი. თუმცა, რუსთაველის გამზირზე არ მიუტანიათ ჯებირები.