პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი კობახიძის გადაყვანა დიდი ხანია, იგეგმებოდა, თუმცა არა ამ ფორმით. გიგი უგულავას თქმით, არავის აინტერესებს, რა ბედი ეწევა კობახიძეს, რადგან ახლა მთავარი გახარიას გადაყენებაა.
„კობახიძის ჩაჩოჩება გეგმაში მანამდეც იყო, საკონსტიტუციოში გაშვება, მაგრამ კობახიძის გაფუჭება გეგმაში არ ყოფილა. ამიტომაც გააჯანჯლეს და ზუსტად კობახიძის არ გადადგომის გაჯანჯლების პოლიტიკური წინაპირობა გახდა ის გავრილოვის ღამე. კობახიძის ბედი, აქ არარელევანტურია საერთოდ. უნდა გადადგეს გახარია. უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმოკლეს ვადებში უნდა გადავიდეთ და ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. სხვა ყველა გზა არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი და არ უნდა მივცეთ ივანიშვილს უფლება, მან საკუთარ თავს და საკუთარ გუნდს შეუძლია მოუწყოს ჯოჯოხეთი მაგრამ საკუთარ ქვეყანას ის ჯოჯოხეთს ვერ მოუწყობს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
ინფორმაცია კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გამწესების თაობაზე მოულოდნელი არც ხათუნა სამნიძისთვის აღმოჩნდა. "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამის შესახებ მას სმენია. სამნიძე მიიჩნევს, რომ კობახიძის გადაყვანა ვერ დააკნინებს იმ გამარჯვებას, რომელიც მის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირფება.
„ჩვენ დიდი ხანია, გვესმის, რომ კობახიძეს უპირებდნენ გადაყვანას საკონსტიტუციოში თუ ის არ იქნებოდა სპიკერი. მიუხედავად ამისა, ამ კრიზისულ ვითარებაში ეს არის გამარჯვება. პირველი გამარჯვება აქციების მონაწილეების, აქციების ორგანიზატორების და ოპოზიციის. თუ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში იყო კობახიძე, ჩვენ ეს დავაჩქარეთ, ვაიძულეთ და ეს არის პირველი გამარჯვება. ახლა არის შემდეგი მოთხოვნები მისაღები, დასაკმაყოფილებელი მათი მხრიდან,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე კი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" მოვლენების მის დღის წესრიგში მოქცევას ცდილობს. პაატა დავითაიას თქმით, ხელისუფლების ბოლო ნაბიჯებიდან ცალსახა ხდება, რომ მმართველ პარტიას ძალიან უჭირს.
„ქართული ოცნება", ალბათ, ცდილობს, სავარაუდოდ, რომ არ გადაუხვიოს თავის დღის წესრიგს და ეს დათმობად გაფორმდეს ოპოზიციასთან. მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად გავრილოვის ღამემ ანახა, რომ სახელმწიფოს აქვს სერიოზული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობა მართვაზეც კი. რეალურად ჩვენ ის პოლიტიკური საკითხები, რაზეც დგას, უნდა შესრულდეს თუ არა და ძალიან ცუდად შეიძლება განვითარდეს მოვლენები მათთვის. აქ ფაქტი ერთია, ისინი ცდილობენ, თავის დღის წესრიგში მოაქციონ ეს ყველაფერი, რაც ეჭვი მეპარება, რომ გამოუვათ,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო გარანტია, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების სანაცვლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესებენ.