საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიწყო. საგამოძიებო უწყებისკენ ავტოკოლონა მიემართება.
ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.
"ყველას გვინდა გავაგებინოთ, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით, ისინი სანაპიროზე ჩავლენ და საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ გაემართებიან.
ისინი შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს.
გიორგი გახარიას გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს. ისინი სისხლიანი ღამის გამო მოძალადეების დასჯას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
ამას გარდა, აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლასაც ითხოვენ, რაზეც მმართველმა გუნდმა დღეს თანხმობა განაცხადა. ამასთან „ოცნების“ ლიდერმა, ივანიშვილმა დაამატა, რომ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერი იქნება.