მმართველი გუდის გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და ნულპროცენტიან ბარიერს ითვალისწინებს, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ისინი საარჩევნო ბარიერის საერთოდ გაუქმებას არა ერთგვაროვნად აღიქვამენ.
როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, ახლა პოლიტიკოსებს ამ შემოთავაზების დეტალური გაანალიზება მართებთ, რადგან შესაძლოა, ივანიშვილის წინადადების მიღმა, კონკრეტული ნაღმები იყოს ჩატოვებული. დემარშით წასული დეპუტატები აცხადებენ, რომ ნულოვანი ბარიერის გამოცხადება კითხვებს აჩენს.
„რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, რომელსაც არავინ არ ითხოვდა და გაჩნდა უცებ ამ გადაწყვეტილებაში, შეიძლება ეს იყოს ერთგვარი მცდელობა მმართველი პარტიისთვის, რომ მაჟორიტარული სისტემის არჩევნების დათმობის სანაცვლოდ შეეცადოს ნულოვანი ბარიერის პირობებში, თუნდაც ერთი მანდატის მქონე პარტიების შემოკრება მის ირგვლივ. შეიძლება ეს იყოს ერთგვარი ჩანაფიქრი, მაგრამ მე არ ვუყურებ ესე მარტივად, რომ ეს შესაძლებელი იქნება. ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, როგორ დაიწერება ეს ყველაფერი ფურცელზე, როგორ ჩამოყალიბდება ეს წესი კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ.
პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, მსჯელობაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მნიშვნელობა, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან, ბიძინა ივანიშვილი დაჯდება. კობერიძე ამბობს, რომ რეალურად, გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა სწორედ ივანიშვილია. გარდა ამისა, კობერიძე ამბობს, რომ ამომრჩევლებისთვის არჩევნებზე მისვლა სავალდებულო უნდა გახდეს.
„ყველაზე მთავარი საკითხი არის სავალდებულო პასუხისმგებლობის შემოღება არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობაზე. იმიტომ, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება გარღვევა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ბევრი ადამიანის მოსვლა არჩევნებში. ამ დროს, იშლება წინასწარ გათვლილი ე.წ. სცენარები. მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, ჩემი აზრით, ამ დისკუსიაში და პოლემიკაში ჩართვას, ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა იჯდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ, რომ ის არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა და მხოლოდ მისი მაგიდასთან ჯდომის შემთხვევაში აქვს აზრი იქ მსჯელობას,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულ კიდევ ერთ დეპუტატს, დავით ჭიჭინაძეს კი აინტერესებს კონკრეტულად რა პირობები იქნება ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში. ჭიჭინაძე განმარტავს, რომ ის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
„ვინც შეძლებს, ოდნავ მაინც იმ რაოდენობის ხმების მოგროვებას, რომ თუნდაც თვითონ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ საშუალება იყვნენ. რამდენად სამართლიანია ეს შეთავაზება, ამას რა თქმა უნდა, მომავალი გვაჩვენებს. იმიტომ რომ დასახელება ერთია, გაჟღერება ერთია, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებებში როგორ აისახება, ეს მეორე იქნება და რა პირობები იქნება ჩადებული. დავესწრები აუცილებლად და მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად რასაც გულისხმობდა დღეს, რომ ის შინაარსი იყოს შენარჩუნებული და ეს არის იყოს რაღაც თვალთმაქცობა და გვერდის ახვევა, თუნდაც საპროტესტო მუხტის დაგდება. ამ საპროტესტო მუხტს და მის მიერ მიღებულ შედეგებს უნდა დაცვა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.