იურისტები და კონსტიტუციონალისტები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურებიან. მათი შეფასებით, 0%-იანი საარჩევნო ბარიერის მიღებით, უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში კონტროლირებადი ქაოსის შექმნას და ოპოზიციური კოალიციების დაშლას შეეცდება.
„რეალურად ამ სისტემით გამოდის, რომ „ქართული ოცნება„ თავის თავზე მოირგებს პროპორციულ სისტემას ამჯერად და მაჟორიტარული სისტემიდან, რომელიც არის ძალიან ცუდი და იმაზე ცუდი, ვიდრე ნებისმიერი სახის პროპორციული სისტემა, მივიღებთ არანაკლებ ცუდ პროპორციულ სისტემას. ეს სიტუაცია შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას, რომელსაც ყოველთვის აქვს ყველაზე მეტი რესურსი ვაჭრობის, რომ პატარა პარტიებთან ივაჭროს და რეალურად შეეცადოს, რომ ამით სახელისუფლებო ძალაუფლებაში დარჩეს. გარდა ამისა, ეს შექმნის თავისთავად პრობლემას იმისას, რომ მოხდება არაერთი მცირე მარგინალური ფაშისტური ჯგუფების და ასევე, პრორუსული ჯგუფების გააქტიურება, რაც პოლიტიკურ ფონს რა თქმა უნდა დაამძიმებს ქვეყანაში,“- განაცხადა იურისტმა დავით ჯანდიერმა.
იურისტთა ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ მაქინაციის რისკების მიუხედავად, პროპორციული სისტემა იმდენად დადებითი მექანიზმია, რომ რისკზე წასვლა ღირს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გაგუა აცხადებს, რომ ნულოვანი ბარიერის არსებობის შემთხვევაშიც აღნიშნულ სისტემაზე გადასვლას პოზიტიურად უყურებს.
„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ნულოვანი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს არის უკეთესი იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს ნამდვილად ასეა და ამას პოზიტიურად ვუყურებ, თუმცა ისევე, როგორც ყველა საარჩევნო სისტემას, ამასაც აქვს რისკები. მაგალითად, რისკები იმისა, რომ სხვა და სხვა პარტიები, უფრო პატარა პარტიები დიდი რაოდენობით შევლენ პარლამენტში და ეს პარტიები შეიძლება იყვნენ სხვა და სხვა პარტიების სატელიტები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ეს იცოდეს,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, მაქინაციის საშუალება ნებისმიერი პროცენტულობის ბარიერის შემთხვევაში იარსებებს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილს აღნიშნული განცხადება გააზრებულად და მიზანმიმართულად არ გაუკეთებია.
„მაქინაციების საშუალება ყოველთვის არის, სამ პროცენტიანზეც და ხუთ პროცენტიანზეც. ჩვენ ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ერთ პროცენტიანი პარტია გაიყიდება და სამ პროცენტიანი არ გაიყიდება. ისიც იყიდება და ისიც, უბრალოდ ცალკე უფრო ძვირი ჯდება. ეს საკითხი სამსჯელო გახდება. არა მგონია, რომ ხელისუფლების პრინციპული პოზიცია იყოს ეს. ბიძინა ივანიშვილმა ჟესტი გააკეთა. არა მგონია, რომ მას გააზრებული ჰქონოდა რას იძლევა ნულოვანი ბარიერი და რა ხდება ხუთ პროცენტიანი, ან სამ პროცენტიანის შემთხვევაში. ნულოვანი ბარიერი არ არის სწორი, სახელმწიფოებრივად არ არის სწორი. განა იმიტომ, რომ ვიღაცას მანიპულაციის საშუალება ექნება და ვიღაცას არა. უბრალოდ, რაღაცა ქაოსი შეიძლება შეიქმნას და რეალური პოლიტიკური სურათი არ გვაჩვენოს ქვეყანაში,“- განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საქართველო უნდა გადასულიყო 2024 წლიდან, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნის თანახმად, აღნიშნული სისტემით არჩევნები უკვე 2020 წელს ჩატარდება.