19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
გახარია უმწვავესი დაპირპისრების მიზეზი ხდება - "კურიერმა" უმრავლესობის სხდომის კულუარული დეტალები გაარკვია

20 ივნისის სისხლიანი სპეცოპერაციის ავტორი უკვე "ქართული ოცნებისთვის" მძიმე ტვირთი ხდება. ბიძინა ივანიშვილის ერთგული მინისტრი და მარჯვენა ხელი მმართველ უმრავლესობაში განხეთქილებისა და პირადად გუნდის ლიდერთან უმწვავესი დაპირისპირების მიზეზი აღმოჩნდა. "კურიერისთვის" ცნობილია რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა უმრავლესობის შეკრებაზე.

სანდო წყარო, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა "კურიერს" უყვება, რომ დღეს დილით ოცნების ოფისში, მოსაზრებები სამად გაიყო. დიდი ნაწილი ივანიშვილს ურჩევდა, რომ გახარია გაეშვა, ნაწილი ჩუმად იყო, თავად ივანიშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრს იცავდა და ამბობდა, რომ აქციების ფონზე გახარიას არ გადააყენებდა.

კამერების წინ, 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია დღეს არც ივანიშვილმა დაიცვა და არც გუნდის სხვა წევრებმა. ყველა შინაგან საქმეთა მინისტრის შესახებ დასმულ კითხვას გაურბოდა. გახარიას გადაყენებას ხელი პრემიერმა ბახტაძემ უდნა მოაწეროს, სანდრო წყარო ყვება, რომ მამუკა ბახტაძე ივანიშვილს გახარიას წასვლის აუცილებლობაში არწმუნებდა. ეს პოზიცია მის კომენტარში ჩანდა, ბახტაძემ მისივე გუნდის ერთ-რთი ლიდერზე უბრალოდ არაფერი თქვა.

ბიძინა ივანიშვილმა როსტომ მეფის სასახლეში ოცნება დილის 08:00 საათიდან შეკრიბა. მსჯელობა ფორმალური იყო, რადგან მრავალათასიანი აქციების ფონზე ივანიშვილის დათმობაზე წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. "ქართული ოცნება" პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით - პოლიტიკურ გაერთიანებებს მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერად ნულოვანი ბარიერი დაუწესდებათ.

ივანიშვილის ეს დათმობა მხოლოდ შუალედურ გამარჯვებად აღიქვეს გაერთიანებული ოპოზიციაშიც და "ევროპულ საქართველოშიც." ხელისუფლების ოპონენტებმა ნულოვანი ბარიერის შესახებ შეთავაზებას ივანიშვილის პოლიტიკური ხრიკი უწოდეს. მათი თქმით, ივანიშვილი ამით პარლამენტში სატელიტი პარტიების შეყვანას შეეცდება და არაფორმალურ მმართველობას გააგრძელებს.

დღის ამბები