19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი დაკავებების სერიას აანონსებს-დასაპატიმრებელთა სიაში გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილია

ბიძინა ივანიშვილს სამი ახალი პოლიტიკური სამიზნე ჰყავს. დღეს პარტიული შეკრების შემდეგ, ივანიშვილმაც და მისმა თანამოაზრეებმაც დაჭერების ახალი სერია დააანონსეს. ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა დაკითხვაზე, მინისტრმა გახარიამ აქციის დარბევის მეორე დღესვე დაიბარა, თუმცა არც ერთი მათგანი პოლიციის განყოფილებაში არ მივიდა.

პოლიტიკური ლიდერების დაკავებების გეგმა დღეს პირადად ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა. "ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ პარლამენტის შტურმით აღება სცადა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრებათ.

ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთია იმ პოლიტიკური სამეულიდან, ვინც ბიძინა ივანიშვილის სამიზნე ახალი პარტიის შექმნისთანავე გახდა. ოქრუაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ ოპოზიციის დაშინება არ გამოუვათ და რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური რეალობისთვის უნდა მოემზადოს.

როგორ იკერება საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გასამართლებლად, ეს მცდელობა გიგი უგულავასთვის გაუგებარი არ არის. თუმცა, აცხადებს, რომ ის კოშმარი, რაც ხელისუფლებამ გავრილოვის ღამეს მოაწყო, ვერაფრით გამართლდება.

20 ივნისის მოვლენებზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ, დღეს პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საგანგებო განცხადება იგეგმებოდა, თუმცა კურიერის ინფორმაციით, თადუმაძის უწყებამ ხმაურიან განცხადებას დღეს თავი აარიდა და ზოგად მიმოხილვასთან ერთად, საზოგადოებისგან 20 ივნისის მოვლენების ამსახველი მასალების მიწოდება ითხოვა. 

დღის ამბები