„იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ბიუროს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთა.
სერგო რატიანი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს.
რატიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება უსუსურად გამოიყურება. დეპუტატის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის მთავრობას ეშინია და ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება.
„ეს არის დადგენილება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და დღევანდელი ხელისუფლება იქცევა სამარცხვინოდ, მათ შეეშინდათ მშვიდობიანი პროტესტის, მათ შეეშინდათ ორგანიზებული საზოგადოების, მათ შეეშინდათ, რომ ფართო საზოგადოებრივი წრეები გამოხატავენ თავის პროტესტს იმის გამო, რომ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ და გვაკადრეს ის, რომ კომუნისტი გაიხადეს ერთმორწმუნედ. ამის შეეშინდათ და იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას, მაგრამ ეს გავლილი ეტაპი არის, ვერავის ამით ვერ შეაშინებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი საქართველოსთვის,“ - განაცხადა რატიანმა.