19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
„ივანიშვილის პროვოკაცია" - უგულავა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე

„ივანიშვილის პროვოკაცია,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პროკურატურის მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

გიგი უგულავას განცხადებით, საგამოძიებო უწყების მოთხოვნას სამართალთან საერთო არაფერი აქვს. უგულავას შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს, რომ შექმნილი ვითარება და მოსახლეობის პროტესტი წარმოაჩინოს, როგორც წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება.

„პროვოკაციის მიზანი არის მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტი, რომლის მიმართ ივანიშვილის რეჟიმს მოუწია უკან დახევა, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ მათ არ ემეტებოდათ ქუცნაშვილი, მაგრამ გაწირეს ქუცნაშვილი, მათ არ ემეტებოდათ კობახიძე, მაგრამ გაწირეს კობახიძე. მათ 2024 წელს უნდოდათ, ჩაეტარებინათ სამართლიანი პროპორციული არჩევნები, მაგრამ გაწირეს და საზოგადოების ძალისხმევით დათმეს  პროპორციული სამართლიანი არჩევნების იდეაც. მაგრამ ყველაზე მეტად, რისაც ეშინია, როგორც ჩანს, არის ის პროტესტი, რაც აქ რუსთაველზე მიდის. ეს არის ზეპარტიული პროტესტი, ეს არის ყველა ადამიანის პროტესტი, ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი. რას უპირისპირებს ივანიშვილი ამ პროტესტს - მას უნდა ამ დაპატიმრებებით, ეს პროტესტი წარმოაჩინოს წინა და დღევანდელი ხელისუფლების დაპირისპირებად, გადაიყვანოს აბსოლუტურად სხვა რაკურსში, მას ეს არ გამოუვა, ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი, ეს არის მტკიცე პროტესტი და მას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. მიზანი დარჩა ერთი - გადადგეს გიორგი გახარია, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას დათვის შემაკავებელი ტყვიები ესროლა. ადამიანი, რომელმაც თვალები დათხარა და გააუბედურა ასობით ჩვენი თანამოქალაქე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მისი დაკავებაც სცადოს. თუმცა, ამის მიუხედავად, უგულავა ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება, თუნდაც, არაერთი ჩანაწერი გამოაქვეყნოს საგამოძიებო უწყებამ. უგულავა დარწმუნებულია, რომ გახარია თანამდებობას დატოვებს.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო.

ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები