19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ყველა, რომ დაგვიჭირონ, ჩემი გზავნილი იქნება, ახალგაზრდებო, გააგრძელეთ მშვიდობიანი შეტევა „ოცნების“ უსამართლობაზე - ხოშტარია

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველაფერი ეს დააბრუნონ პარტიულ ჭიდილში და იქ იმედი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მოსახლეობის პროტესტს გაექცეს. დეპუტატის განცხადებით, ხელსუფლება ჩიხურ სიტუაციაშია.

„ხელისუფლება არის ისტერიკაში იმისგან, რომ პირველად მოხდა გარღვევა მათ პროპაგანდაში, როდესაც ყველა საკითხზე, იქნებოდა ეს სიღარიბე, ადამიანის უფლებები თუ ლამის, როგორი ამინდია, იყო, რომ 9 წელი და წარსული, იყო შეჯიბრი აწმყოსა და წარსულს შორის და სამწუხაროდ, ამაში ყოველთვის იგებდნენ. ეს აქცია არის სწორედაც აქცია, რომელმაც "ქართული ოცნება" მოათავსა წარსულში და აქ დგას მომავალი. ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი ეს დააბრუნონ პარტიულ ჭიდილში და იქ იმედი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ ამ ყველაფერში და ამ ადამიანებს უბრალოდ ზურგი შეაქციონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ და მათ კითხვებს არ უპასუხონ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, სამართლიანობის სისტემა მოშლილია და ეს უნდა მოწესრიგდეს.

დეპუტატი პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს ასევე, შს მინისტრის მზაობას, რომ პარლამენტში მივიდეს. ხოშტარიას თქმით, გახარია პასუხს არ სცემს მომიტინგეებს, თუმცა, მზად არის, რომ პარლამენტში მივიდეს.

დეპუტატი ამბობს, რომ გახარიას შეუძლია პარლამენტში მისვლა მას შემდეგ, რაც გადადგება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ხოშტარია ამბობს, რომ ამის მიუხედავად, საზოგადოების ბრძოლა გაგრძელდება.

„საერთოდ ყველა, რომ დაგვიჭირონ, ჩემი საერთო გზავნილი იქნება, ახალგაზრდებო, ვინც დგახართ ისტორიის სწორ გზაზე, გააგრძელეთ ეს მშვიდობიანი შეტევა „ქართული ოცნების“ უსამართლობაზე,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები