ნიკა მელიასთვის წაყენებულ ბრალს "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეხმაურება. ეკა გიგაური შერჩევით სამართალზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი არსებობს ნიკა მელიას წინააღმდეგ შესაბამისი მტკიცებულებები, ის უნდა მისცენ პასუხისგებაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ეკა გიგაურის თქმით, 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ჩადენილი იქნა დანაშაული და გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნდა აიღოს.
„კანონის შერჩევითად აღსრულება ხდება. იმ შემთხვევაში თუ კი ნიკა მელიას დაუდგინდება და მტკიცებულებებით დამტკიცდება ის, რომ ჩართული იყო ამ ყველაფერში ცხადია, არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მაგრამ მაშინ, როდესაც ამდენი ხალხი დაზიანდა, მაშინ, როდესაც პოლიციამ გადაამეტა უფლებამოსილებას და გამოიყენა იარაღი, რომელმაც დაუგლიჯა ადამიანებს სხეულები და რამდენიმე ადამიანი თვალის გარეშე დატოვა, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას რომ მოკიდებ ხელს და არაფერს არ იზამ თვითონ მინისტრთან მიმართებაში და იმ პოლიციელებთან მიმართებაში, რომლებიც ამას ჩადიოდნენ ეს ნამდვილად შერჩევითი მიდგომა არის,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისივე თქმით, სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, შეელიოს გიორგი გახარიას.
"გიორგი გახარიას ინარჩუნებენ, ესენი ამას აკეთებენ და დღევანდელი პარლამენტის სხდომიდან ეს აშკარა გახდა, როდესაც მათ თქვეს, რომ გიორგი გახარია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. ყველამ ვიცით, რომ კანონის შესაბამისად არ მოქმედებდა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.