„ქართული ოცნების“ მთელი პარტიული შემადგენლობა გიორგი გახარიას იცავს. სისხლიანი დარბევის მთავარი შემოქმედის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობამ მთავარ დამნაშავედ ნიკა მელია გამოაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, რომელიც დასახიჩრებული ახლაგაზრდების გამო გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აყენებდა, თავს შოთა ხაბარელი დაესხა. „ოცნების“ დეპუტატმა მიკროფონი მოგლიჯა და ნიკა მელიას ესროლა.
ინციდენტამდე კი თამარ ჩუგოშვილს ელენე ხოშტარია და თიკა ბოკუჩავა, რუტინული საკითხების განხილვის ნაცვლად, იმ საკითხზე მსჯელობას სთხოვდნენ, რომლის გამოც უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის მთავარ გამზირზე ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება.
ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, პოლიტიკური პარტიები გიორგი გახარიას გადადგომის გარეშე სესიაში მონაწილეობას არ აპირებენ.
ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა სასესიო დარბაზში ისევ ისმოდა. ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კრიტიკასა და იმის შეხსენებას, რომ „ქართული ოცნება“ უკვე თავად იქცა ახალგაზრდების დამსახიჩრებელ ძალად, გია ვოლსკის სტვენა და ნინო წილოსანის რეპლიკები მოჰყვა.
უმრავლესობის წევრებიდან ბიძინა გეგიძე იყო ერთადერთი, ვინც დღეს გიორგი გახარიას პასუხიმგებლობის საკითხი დააყენა, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი მმართველ ძალას არ ტოვებს, თუმცა გახარიას დასჯას ითხოვს.
საკუთარი თანაგუნდელებისა და პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით 20 ივნისის აქციასა და გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ოპოზიციას ეკისრება.
უპრეცედენტო სხდომა პარალამენტში ოპონენტების გარეშე გაგრძელდა. გავრილოვის ვიზიტის შემდეგ შექმნილი კრიზისის გამო გადამდგარი ირაკლი კობახიძის თანამდებობა არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა და უმწვავესი პოლიტიკური საკითხების ნაცვლად, სასოფლო სამეურნეო მიწებისა და საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩაერთო.