20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე "არჩევანში" ეხმაურება. ზოიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული ის სამართალდამცავი დაისაჯოს, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა.
„მე ვთვლი, რომ ძალის გადამეტება იყო და უნდა დაისაჯოს აუცილებლად,“ - ამბობს ზოიძე.
ზოიძე აქციის მონაწილეებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი სამართალდამცავების მიმართ სხვადასხვა ნივთს ისვროდნენ.
„რამდენიმე საათი მიდიოდა შეტევა პოზიციაზე, როცა გადაითელა საერთოდ პოლიციელების ხაზი... ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პატრულზე შეტევა, დაუზოგავი ქვებით, იარაღით, რკინის და ხის ხელკეტებით,“ - განაცხადა ზოიძემ.
რაც შეეხება სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას, აკაკი ზოიძე „არჩევანის“ ეთერში ამბობს, რომ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ შს მინისტრს, არამედ მთლიან გუნდს ეკისრება.
„მე ვხედავ მთლიანად ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა ზოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პარლამენტის წინ პროვოკატორები იმყოფებოდნენ.
„ბატონი გახარიას გადაყენება, რომ დღეს ჯანმრთელობას უბრუნებდეს იმ ახალგაზრდებს, ან თვალს უბრუნდებდეს იმ გოგონას ან ჩემი წასვლა ამ პარლამენტიდან, ერთი წამით არც ბატონი გიორგი დაფიქრდებოდა და არც მე, მაგრამ აქ ხომ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ პროცესში როგორ გადავიყვანოთ ეს და ეს დაპირისპირება, ახლა ეს გავრილოვი და ეს მაიმუნობა ხომ კარგად იცით, რომ რეალურად ახლა იყო მხოლოდ საბაბი,“ - განაცხადა ზოიძემ.
ზოიძის შეფასებით, „მაიმუნობაა“, როდესაც ცდილობენ, „ქართული ოცნება“ რუსეთთან აფელირდებოდეს. ამაში კი ის "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.
ზოიძე ამბობს, რომ ენმ-მ სცადა მოსახლეობის მუხტის გამოყენება და მიუშვა "გულანთებული ახალგაზრდები სპეცრაზმზე პროვოკატორების მეშვეობით".
ბოლოს კი, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, შს მინისტრი, გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს.