რა მტკიცებულები გადაუგზავნა პროკურატურამ მელიაზე პარლამენტს, რას წერს შალვა თადუმაძე სპიკერ თამარ ჩუგოშვილს - წერილის ასლი, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ ჩუგოშვილს გაუგზავნა, „კურიერმა“ მოიპოვა. წერილში საუბარია, რომ არსებობს მტკიცებულებები ნიკა მელიას წინააღმდეგ.
გენერალური პროკურორის წერილში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წინ 21:50 საათამდე მომიტინგეები მშვიდობიან აქციას ატარებდნენ. ხოლო 21:00 საათზე დეპუტატმა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყველას გადაენაცვლა პარლამენტში.
„ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, როგორც სამართლებრივი ორგანოს წარმომადგენლებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა,“ - აღნიშნულია წერილში.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მან ჩაიდინა ის დანაშაული, რაზეც ბრალი ედება. პროკურატურა წერილში წერს, რომ დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალი ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას,“ - აღნიშნულია წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მტკიცებულებების მოპოვებას.
პროკურატურა წერილში მიუთითებს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მელია შეძლებს საზღვრის გადაკვეთას, რათა მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. ამის საფუძვლად კი პროკურატურას მოჰყავს ნიკა მელიას მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მელიამ 24-ჯერ გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი. გენერალური პროკურორისვე ინფორმაციით, რადგან დიპლომატიური პასპორტით სარგებლოს მელია, მან წინა ორ წელში 6-ჯერ გადაკვეთა საზღვარი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროკურატურას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნიკა მელია შეძლებს საზღვრის კვეთას, რის შემდეგაც მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების მიზნით დაამყარებს შესაბამის კონტაქტებს.
"საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრის დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მიზნით, მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ კანონით გათვალისწინებული თანხმობა მისი დაპატიმრების თაობაზე," - აღნიშნულია წერილში.