საზოგადოების მოთხოვნების შესრულების ნაცვლად, ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერების განეიტრალება დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პასუხისმგებლობა შესაძლოა, დაეკისროს "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგი უგულავას და "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარეს ირაკლი ოქრუაშვილს. პირველი კი ნიკა მელია აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაიწყო. მელიას პროკურატურაში დღეს დაკითხავენ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დააკავებენ, რადგან პროკურატურამ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე. ამ საკითხზე უმრავლესობა დღეს დაჩქარებული წესით იმსჯელებს. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებზე განხილვის შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს კენჭს სესიაზე დღესვე უყრიან.
"ნიკა მელიამ გაუწია ორგანიზება ძალადობას და ეს იყო მათი მცდელობა სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დაკავების, რაც არის ტოლფასი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს გადატრიალების, რასაც ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დაუშვებს,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ქვეყანაში რეპრესიების დაწყების საფრთხეს კატეგორიულად გამორიცხავს და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე საუბრობს.
"არანაირი რეპრესიების განხორციელებას ჩვენ არ დავუშვებთ, დემოკრატიულ ქვეყანაში მიუღებელია რაიმე ფორმით რეპრესიაზე საუბარი,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი კი 20 ივნისის ღამეს, წინასწარ დაგეგმილ სცენარს უკავშირებს და პასუხისმგებლობას ნიკა მელიას აკისრებს.
"საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა იხილა ადამიანი, რომელიც შეტევაზე იყო გადმოსული და ადამიანების დიდ ჯგუფს უკეთებდა ორგანიზებას იმისათვის რათა მომხდარიყო პარლამენტში შემოჭრა და საკანონმდებლო ორგანოზე დაკავება და აქ მათ ელოდებოდნენ ჯგუფის წევრები და ვფიქრობ გარკვეულ სცენარს ეს ექვემდებარებოდა,"-აცხადებს გია ვოლსკი.