19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ნიკა მელია აქციაზე მივიდა - ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, პარლამენტის შესასვლელთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა. ნიკა მელიას აქციის მონაწილეები, ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. 

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მას ასეთი ემოციისთვის უღირდა საათ-ნახევარი სასესიო დარბაზში ყოფნა და იმ "სისულელეების მოსმენა", რაც იქ ხდებოდა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი 91 -მა დეპუტატმა დაუჭირა. სესიას არ ესწრებოდნენ ენმ -ს და ევროპული საქართველოს წევრები. ნიკა მელია დარბაზში მარტო იჯდა.

ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა . მან თქვა რომ უსამართლობაა ის რასაც აბრალებენ თითქოს მას უნდოდა პარლამენტის შტურმით აღება. თუმცა დღევანდელი მოვლენებით პარლამენტი ნამდვილად იქნა აღებული.

„დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით მორალური უპირატესობით , სიმტკიცით, ძლიერი ერთობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. მაგრამ რა ვნახე ხალხო, ამდენი ერთად შეშინებული ღირსება აყრილი და თავის თავს რომ არ ეკუთვნიან ადამიანები რომელსაც დეპუტატები ჰქვია ერთ დარბაზში მოთავსებული არ მინახავს ცხოვრებაში. უდიდეს ნაწილს არ უნდოდა იმის გაკეთება რისი გაკეთებაც მათ მოუწიათ. ისიც კი ვერ მოახერხა დიდმა ნაწილმა ქართული ოცნების დეპუტაციისა მიუხედავად უდიდესი სურვილისა რომ დღეს აქ სხდომაზე არ მოსულიყვნენ. უნდოდათ მაგრამ მოუწიათ მოსვლა,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით დღეს ყველამ დაინახა რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. ნიკა მელიას თქმით დეპუტატები მას თვალებში ვერ უყურებდნენ და სწორედ ეს არის გამარჯვება რადგან "ქართული ოცნება" თავდახრილია მის წინაშე. ნიკა მელიას განცხადებით ბრძოლა არ უნდა დასრულდეს. 

„ბრძოლა კი არ უნდა შევანელოთ უნდა გავზარდოთ. ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა მოვახერხოთ კონსტიტუციის ფარგლებში რა თქმა უნდა , მორიგ ფრაზას ვიტყვი მერე შარი რომ არ მომიდონ, მაგრამ რაც უნდათ მომიდონ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ და გავაკეთებთ აუცილებლად. გახარიას პოლიტიკური თავი აუცილებლად უნდა გაგორდეს უახლოეს დღეებში,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით მან არ იცის რას იზამენ აქციის მონაწილეები როდესაც პარასკევს , პარლამენტში გიორგი გახარია მივა, თუმცა ის გავრილოვივით მეორედ ვეღარ უნდა შევიდეს.

დღის ამბები