დაუმორჩილებლობის ფასი - პოლიტიკური დინების წინააღმდეგ წასულ რომან კაკულიას შესაძლოა, "ქართული ოცნების" ურჩობა პარტიიდან გარიცხვის ფასი დაუჯდეს.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ვერ შეძლო ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
„ვერ შევძელი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა წარმოდგენის. მიუხედავად იმისა, რომ ერთია რაც არის სუბიექტური განწყობა მოცემული ფაქტის მიმართ და შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს, არც კი ჰქონდეს ეჭვი, რომ ასეთი ტიპის ქმედება აუცილებლად უნდა დასჯადი. მაგრამ, მეორეა სტანდარტი პარლამენტის, იმუნიტეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში და მგონია, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. თუმცა ამის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
რომან კაკულია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩემი ეს გადაწყვეტილება, არც არავის წინააღმდეგ და არც არავის სასარგებლოდ არ ყოფილა მიღებული. ამიტომ, მე ესეთი გაცხადება არ გამიკეთებია, პირადად ამის სურვილი აქედან გამომდინარე არ მაქვს. მწე ქართულ ოცნებაში როდესაც მოვედი, თავიდანვე ვიცოდი სად მოვდიოდი. არავითარი ილუზიები არ მქონია არც მაშინ და არც დღეს და ახალი აღმოჩენების გაკეთებას არ ვაპირებ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. თვითონ ეს გადაწყვეტილება თუ ვინმესთვის პრობლემატური იქნება, ცხადია მე პრობლემას არავის არ შევუქმნი, მაგრამ ამაზე თუ მსჯელობა საჭირო იქნება, გუნდში იქნება მსჯელობა“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ უკვე დაანონსა, რომ ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში გაიმართება მსჯელობა და განიხილავენ, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება ამა თუ იმ დეპუტატმა.
რომან კაკულია გია ვოლსკის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ როდესაც დეპუტატი გუნდის წინააღმდეგ მიდის, ის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.
„როდესაც შენ გუნდის წინააღმდეგ მიდიხარ, ყველაფერზე მზად უნდა იყო და რაღაც განსაკუთრებულ რევერანსებს არ უნდა ელოდე, მე მგონი და ამაში არც გასაკვირია რამე, არც არავის ვაკრიტიკებ ამის გამო და არც არავითარი პრეტენზია არ მექნება... მე ყოველთვის მზად ვიყავი ისეთი რამისთვის, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ..“ -განაცხადა რომან კაკულიამ.