არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, აკაკი ზოიძე - ეს და კიდევ სხვა დეპუტატები, ვინც ნიკა მელიას ციხეში გაშვებას ხმა მისცა, ე.წ გავროლოვის სიაში შევლენ.
ასეთ სიაზე მუშაობას "ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს. სალომე სამადაშვილი აანონსებს, რომ ყველა დეპუტატი, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელ სხვა პირებთან ერთად, სახელებითა და გვარებით ერთ სიაში შევლენ და საერთაშორისო პარტნიორებს მათზე სანქციების დასაწესებლად გადაეცემა.
ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასე შეაფასა მმართველმა გუნდმა მათთვის ოპოზიციის მხრიდან გავრილოვის სიაში მოხვედრის დაანონსება. გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბარი არც დღეს სურდათ და ამტკიცებდნენ, რომ მთავარი დამნაშავე ნიკა მელიაა.
„გახარიას გამართლება და მელიას დაპატიმრებაზე პულტზე ხელის დაჭერა“ – „ევროპულმა საქართველომ“ სოციალურ ქსელში კამპანია უკვე დაიწყო. მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ ყველა იმ პოლიტიკოსის სახელი და გვარი უნდა იცოდეს, ვინც გავრილოვის სისხლიან ღამეს გახარიას დანაშაულის გამართლებას და ფოკუსის სხვაგან გადატანას ცდილობს.
პოლიტიკური წამზომი ჩაირთო. რომან კაკულია და მარიამ ჯაში - მხოლოდ ამ ორმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, ვინც ამ სხდომას ესწრებოდა თავი შეიკავა და ხმა მელიას დაჭერას არ მისცა.