30 ათასი ლარი გირაოს სახით - ნიკა მელია თავისუფალია. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. ნიკა მელიამ 30 ათასი ლარი 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვებიც დაუწესა. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია.
ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს ჩაინიშნა. ბრალდება მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება იმ წნეხს უკავშირდება, რომელშიც საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ "ქართული ოცნება" მოაქცია. მისი თქმით, ჯერ კიდევ გუშინ ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დაპატიმრება, თუმცა დღეს იძულებული გახდა ის გაეთავისუფლებინა.
ნიკა მელიას უფლებადამცველი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და მოსამართლემ მოქალაქეების შეხედულება გაითვალისწინა.
ხალხის გავლენაზე საუბრობენ ოპოზიური პარტიების ლიდერებიც. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ აიძულა დეპუტატები მისთვის მონობა დაემტკიცებინა, დღეს კი ამ გადაწყვეტილებით დასცინა მათ.
გიგი უგულავა კი გიგი უგულავა იმ დეპუტატებს მიმართავს ვინც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, მათ უნდა რცხვენოდეთ მათი უპირობო მორჩილების ივანიშვილის მიმართ.