19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
დარბევის ნებართვა იყო ივანიშვილის ხელდასმით, გახარია კი იყო უშუალო შემსრულებელი - ოპოზიციის შეფასებით შს მინისტრის გადადგომა ვითარებას განმუხტავს 

გახარია 20 ივნისის ღამეს ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედება და ამიტომ ვერ ამბობს, ვინ გასცა განკარგულება მომიტინგეებზე შეტევის და რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე- ასე აფასებენ ოპოზიციაში, გიორგი გახარიას მიერ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 20 ივნისს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის  განკარგულების მთავარი გამცემი ყოფილი პრემიერია, შემსრულებელი შს მინისტრი, ხოლო პრემიერ მამუკა ბახტაძეს არავინ არაფერს არ ეკითხება.

“ვერ ამბობს ვინ გასცა ნებართვა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს იყო კოორდინაცია. ეს იყო ბიძინას ხელდასმით გაცემული ნებართვა, რომ ძალა გამოეყენებინათ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, გახარია იყო უშუალო შემსრულებელი და ასევე კოორდინაცია იყო ანზორ ჩუბინიძესთან და სუს-თან. ბახტაძე არის სრულიად კარიკატურული, საერთოდ სად არის კაცმა არ იცის, არის მშიშარა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად გახარიას გადადგომას ასახელებენ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიის წევრების განცხადებით, გადადგომით შს მინისტრი სისხლიან ლაქას ვერ მოიშორებს, თუმცა მისი წასვლა ვითარებას შედარებით განმუხტავს.

„გახარიას გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ პასუხისმგებლობა არის გახარიაზე. თვითონაც არ გაურბის ამას, ამბობს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ახლა კეთილი უნდა ინებოს და გადადგეს. ამ სისხლიან ლაქას ის ვერ მოიწმენდს,“-ამბობს  „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას გუშინ, შს მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გახარიას თქმით, პოლიციელების დასაცავად იქნება მინისტრის პოსტზე მანამ, სანამ 20 ივნისის მოვლენების შესწავლა-გამოძიება არ დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები