კონსტიტუციის თანახმად, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება - ასეთია კონსტიტუციონალისტების შეფასება. მათი თქმით, შეუძლებელია, ნიკა მელიამ ვერ განახორციელოს პარლამენტის წევრის მანდატით გათვალისწინებული საქმიანობა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
„ჩემი აზრით, თავიდანვე განწირულია ის მოსაზრება,რომ შეიძლება კონსტიტუციით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი დადგეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა,“-ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახო ჟვანია.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, საქმიანობის შეზღუდვა იქნება პროკურატურის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩარევა. ექსპერტების შეფასებით, ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია, ასეთი ტიპის ანგარიშსწორება კი კონსტიტუციის ჩარჩოებს სცდება.
„სამწუხარო მოვლენაა,როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება ადამიანების მიმართ. მით უმეტეს, პარლამენტის წევრებმა პირველ რიგში უნდა დაიცვან ეს ინსტიტუცია, კონსტიტუცია თუმცა რთულად წარმომიდგენია,როგორ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეეზღუდოს პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელება,როდესაც ამის უფლება მას კონსტიტუცია აძლევს,“-ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.