ნიკა მელია არ აპირებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს. მისი თქმით, თუკი იმის გამო დააკავებენ, რომ დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მოხსენება წაიკითხა მმართველი გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ,რომ დასაჭერი ხარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებულია რიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ.
ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან,რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეში? სადაც არ უნდა გაიხედონ ყველგან თავი მოეჭრებათ. იმიტომ რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. აბსურდულ სპირალში არიან შესული,“-აცხადებს ნიკა მელია.
მელია ასევე ეხმაურება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო მას გირაოს პატიმრობით შეუცვლის ეს ხელისუფლება თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვეღარ გაიმართლებს.
„ერთი წამით დავუშვათ და სააპელაციო სასამართლომ ბატონმა მურუსიძემ შეცვალოს გადაწყვეტილება და დამაპატირმოს-ეს როგორ გამოიყურება? კიდევ უფრო მძიმედ. ცხოვრებაში არსებობს ვითარებები,როდესაც აგური დაგეცემა თავზე და შემთხვევითობას ვეღარ დააბრალებ, ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა "ქართული ოცნება,“-ამბობს მელია.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას, ამიტომ აუცილებელია მისთვის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელონ.