სერგეი გავრილოვი შემოდგომით საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოსვლას გეგმავს და იმედი აქვს, რომ მას ქვეყანაში შემოუშვებენ. ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს წევრმა „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
რუსი დეპუტატი იმედოვნებს, რომ როდესაც ჩამოვა რიგითი მოქალაქის სტატუსით, მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
„მინდა, შემოდგომით საქართველოში ჩამოვიდე, რადგან ეს ქვეყანა ისევე, როგორც ბევრი რუსისთვის, ახლო და საინტერესოა თავისი კულტურით. მინდა, ჩამოვიყვანო ჩემი შვილები, რომ ნახონ საქართველო, მონასტრები, იცნობდნენ მის კულტურასა და წეს–ჩვეულებებს. იმედი მაქვს, როდესაც ჩამოვალ რიგითი მოქალაქის სტატუსით, ჩემი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მე მქონდა დიპლომატიური პასპორტი, ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის სტატუსით ჩამოსული, თუმცა ვერც სტატუსმა და ვერც თანამდებობამ მიხსნა თავდასხმისგან. იმედი მაქვს, შემომიშვებენ. არ არსებობს საფუძველი, რომ საქართველოში არ შემომიშვან. შეცდომები უნდა ვაღიაროთ, ბოდიში მოვიხადოთ და მომავლისკენ გავიხედოთ. ადრე თუ გვიან, ჩვენ შევძლებთ ნორმალური ურთიერთობის აღდგენას,“ - განაცხადა გავრილოვმა.