ის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს შესაძლოა, გუნდიდან გარიცხონ - ურჩი დეპუტატების ბედი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება, რომელიც ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში იმართება.
სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საჭირო იყო გუნდური გადაწყვეტილების მიღება. "კურიერთან" საუბრისას მხოლოდ ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ურჩი დეპუტატების საკითხი სხდომაზე არ განიხილება.
„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, რომ ჩვენ შეკრებილები ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად, რომელიმე ჩვენს კოლეგასთან დაკავშირებით. ვიკრიბებით გუნდი განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, ძალიან ბევრ საკითხს, ეს არის მომდევნო, მორიგი, ჩვეულებრივი შეხვედრა. რაიმე კონკრეტული საკითხი ვინმეს გარიცხავასთან დაკავშირებით დასმული არ არის,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გუნდში არასოდეს შექმნილა განსხვავებული აზრის გამოხატვის პრობლემა. თუმცა ხუნდაძე ამბობს, რომ როცა გუნდის წევრი, გუნდის შიგნით მსჯელობისას არ საუბრობს განსხვავებულ პოზიციაზე, მაგრამ პულტთან გუნდში შეთანხმებული პოზიციისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს - ეს განხილვის საკითხი უნდა გახდეს.
„არც ის შეგვიზღუდავს, მიუხედავად გუნდური გადაწყვეტილებისა, მათ დაეფიქსირებინოთ საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ როდესაც გუნდში, შიგნით, კონკრეტული დეპუტატი არ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას, მაგრამ პოზიცია ღილაკთან მიმართებაში არის სხვა, ვიდრე ეს შეთანხმებაა, რა თქმა უნდა ეს მსჯელობას მოითხოვს,“-აცხადებს ხუნდაძე.
რევაზ არველაძის განცხადებით, მას ჰქონია გუნდისგან განსხვავებული პოზიცია და ეს დაუფიქსირებია პულტთან, თუმცა მისი თქმით, გუნდში არსებობს შეთანხმება, რომ განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში თანაპარტიელები საქმის კურსში ხმის მიცემამდე უნდა ჩააყენო.
„სწორად იყო საკითხი დასმული, რმ თუ რაღაც ასეთს აპირებ წინასწარ უნდა თქვა გუნდში,“-ამბობს არველაძე.
ოთარ დანელიას განცხადებით, თუ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში დეპუტატს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, მაშინ მან გუნდური გადაწყვეტილება უნდა გაიზიაროს.
„გუნდი შედგება ინდივიდებისგან, შესაბამისად, როცა რომელიმე კონკრეტული დეპუტატი ამას ვერ და არ წყვეტს, ეს არის ასევე გუნდური გადაწყვეტილების საგანი და რაც იქნება გუნდის გადაწყვეტილება ის იქნება საბოლოო შედეგი,რასაც ჩვენ მივიღებთ,“-აცხადებს ოთარ დანელია.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი უმრავლესობის 91 დეპუტატმა დაუჭირა და კიდევ ერთმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ მან ხმა იმუნიტეტის მოხსნა მისცა, თუმცა პულტთან ხარვეზი მოხდა.
თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ. სწორედ ეს დეპუტატები შეიძლება გარიცხონ დღეს მმართველი გუნდიდან.
ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი.