საპარლამენტო უმრავლესობას ე.წ. ურჩ დეპუტატებთან დაკავშირებით არ უმსჯელია. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ე.წ. ურჩი დეპუტატების ქმედებებთან დაკავშირებით, მათ მხოლოდ გულდაწყვეტა გამოთქვეს. ვოლსკის შეფასებით, 91 დეპუტატის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტი შეეჩერებინათ, იმასაც ემსახურებოდა, რომ პროკურატურას და სასამართლოს, როგორც ინსტიტუტებს, საკანონმდებლო ორგანომ პატივი სცეს.
„რაც შეეხება კოლეგებთან დაკავშირებით, არ გვქონია მსჯელობა, თუმცა, ყველამ გამოხატა გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ვერ გაიგეს, რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენს წინაშე. ეგ არ არის მარტო გუნდურობის თემა, რასაკვირველია, ეს არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, რომელიც არ იმსახურებს როგორც ხედავთ იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება გამოთქმული ყოფილიყო ადრე და იქ იყო ცალკეული თემები, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომებს იღებს მთავრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროვოცირებული, ეს ჩემი შეფასებაა, ეკონომიკური სერიოზული პრობლემები იქნეს გადალახული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი პირად უკმაყოფილებას აფიქსირებს იმ ოთხი დეპუტატის მიმართ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.
„მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც სამი ადამიანი და მე არ ვთვლი, რომ ეს ის პერიოდია, ჩვენ ამ სერიოზულ ვითარებაში ვიმსჯელოთ ვინმეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ვოლსკი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დეპუტატების შესახებ დღეს როსტომ მეფის სასახლეში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე უნდა ემსჯელათ, სადაც დღის წესრიგში მათი გუნდიდან გარიცხვის საკითხსაც დააყენებდნენ.
თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ.