„რაიმე სანქციებზე არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე ზოგადად ისაუბრეს იმ 4 დეპუტატის შესახებ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
„ეს არ არის საბავშვო ბაღი, რომ ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცე, შვილო, ასე არ ხდება,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება აქვს ამ დეპუტატების მიმართ „ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. მდინარაძე ამბობს, რომ არანაირ სანქციებზე დღეს არ უსაუბრიათ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დეპუტატების შესახებ დღეს როსტომ მეფის სასახლეში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე უნდა ემსჯელათ, სადაც დღის წესრიგში მათი გუნდიდან გარიცხვის საკითხსაც დააყენებდნენ.
თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ.