19 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ე.წ. გავრილოვის ღამეს გიორგი გახარია დამოუკიდებლად არ მოქმედებდა

ე.წ. გავრილოვის ღამეს, გიორგი გახარია დამოუკიდებლად არ მოქმედებდა. ამის შთაბეჭდილებას თავად შს მინისტრის განცხადებები ქმნის.

გახარიამ არ თქვა, ვინ გასცა სროლის ბრძანება და ვინ აუნთო სპეცრაზმს მწვანე შუქი ხალხის წინააღმდეგ სასიკვდილო ტყვიები გამოეყენებინათ. შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხებმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯის ბრძანების უკან, გახარიასთან ერთად, სხვებიც დგანან.

სამოქალაქო საზოგადოება ვარაუდობს, რომ გახარიამ ივანიშვილის ინსტრუქციით იმოქმედა. მათ ასევე აინტერესებთ, რა როლი ჰქონდა 20 ივნისის ღამეს ივანიშვილის გარემოცვის უახლოეს წევრს, ანზორ ჩუბინიძეს, რომლის სპეცდანიშნულების რაზმთან გადაღებულმა კადრმა ნათელი გახადა, რომ გახარია მძიმე ღამეს ივანიშვილს მარტო არ დაუტოვებია.

ვისი გადაწყვეტილებით ესროლეს ხალხს დათვის მოსაგერიებელი ტყვიები, „კურიერს“ ეს კითხვა პარლამენტის თავმჯომარემ უპასუხოდ დატოვა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გახარიამ სისხლიანი დარბევის ბრძანება შეასრულა, ეს დავალება კი პოლიციის შეფს ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

უმრავლესობის დეპუტატებს დღეს მწვანე შუქი მხოლოდ გახარიას პასუხისმგებლობაზე სასაუბროდ ჰქონდათ.

კანონით სპეცრაზმი შს მინისტრს ექვემდებარება და მხოლოდ მის ბრძანებას ასრულებს, თუ რაციაში ბრძანებას სხვა პირი იძლევა, ეს კანონის კიდევ ერთი დარღვევაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების დადასტურების შემთხვევაში საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლასთან გვექნება.

ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა მათი მიზანი საკითხის ქუჩის აქციებიდან შენობაში გადატანაა. მმართველი ძალა საზოგადოებას გამოძიებაზე დალოდებისკენ მოუწოდებს, ათასობით მოქალაქე კი მეცხრე დღეა გახარიას წასვლას ითხოვს.

დღის ამბები