19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
„ვინც სინდისზე ხელი აიღო, დამწკრივდა და ამტკიცებდა, როგორი კანონიერი იყო ბავშვებისთვის თვალების დათხრა" - ბაქრაძე

„ვინც სინდისზე ხელი აიღო და არ დაეზარა, დამწკრივდა და ამტკიცებდა, როგორი კანონიერი იყო ბავშვებისთვის თვალების დათხრა,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ოპოზიციის წევრი რუსთველის გამზირზე იმყოფება, სადაც ამ წუთებში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს.

ის მამუკა ბახტაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა. ბაქრაძის შეფასებით, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მძიმე ლოდია, რომელიც მმართველ პარტიას ძირავს.

„კარგად შეხედონ იმ გაბღენძილმა მინისტრებმა, დღეს რომ გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო დაიცვეს, ვისგან დაიცვეს საქართველო ამ ახალგაზრდებისგან დაიცვეს საქართველო? ეს არის საქართველო, ეს ახალგაზრდებია საქართველო, ვინც ამ წვიმაში დგას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ნორმალური მომავალი ჰქონდეთ, ამათთან კი არ უნდა დავიცვათ, ზედ უნდა გადავეფაროთ ამ ბავშვებს, რომ ამათ საქართველო გვქონდეს მომავალში და არა ივანიშვილის, გახარიას და ბახტაძის. დღეს ვიხილეთ სრულიად სამარცხვინო სურათი, როცა დამწკრივდა მთელი „ქართული ოცნება.“ როგორც ჩანს, ვიღაც პიარშიკებმა ურჩიეს, რომ შეტევაზე უნდა გადავიდეთ, თავდაცვაში ვართ. დღეს, ვინც სინდისზე ხელი აიღო და არ დაეზარა, დამწკრივდა და ამტკიცებდა, როგორი კანონიერი იყო ბავშვებისთვის თვალების დათხრა,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

 

დღის ამბები