19 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, მანდატის ჩამორთმევის მცდელობა, უშედეგო აღმოჩნდა

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უკან დახევა - ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ მანდატის ჩამორთმევის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სასამართლომ გარკვეული შეზღუდვებით, მათ შორის საჯარო გამოსვლის აკრძალვით გაათავისუფლა, უმოქმედოდ ყოფნას არ აპირებს. ნიკა მელია პარლამენტში დაბრუნებას აანონსებს.

ბოლო სამი დღის მოვლენებმა ნიკა მელია დაარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი მისი გაჩუმება ოყო და „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ეს სპეცოპერაცია პოლიტიკური ველიდან მის გასაქრობად დაგეგმა. ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა და პარლამენტშიც და სატელევიზიო ეთერებშიც იმავეს ილაპარაკებს, რასაც აქამდე საუბრობდა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება პარლამენტმა გუშინ დაანონსა. ივანიშვილის პარტიის დეპუტატები ამბობდნენ, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მელია ვეღარ შეძლებდა სრულფასოვნად სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას, ამიტომ მისთვის მანდატის ჩამორთმევა მოუწევდათ.

„ქართული ოცნების“ ეს გეგმა თავდაყირა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დააყენა, რომელმაც ღამით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და მუხლობრივად განმარტა, რატომ არღვევდა პარლამენტი კონსტიტუციას და რეგლამენტს. დავით უსუფაშვილის თქმით, ის გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც ტელეეთერში „ქართული ოცნების“ გეგმა მოისმინა, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას უჩერებდნენ.

იურისტების და კონსტიტუციონალისტების მწვავე კრიტიკის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" გეგმა შეცვალა. მათ ივანიშვილის პარტია პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში პირდაპირ დაადანაშაულეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას აღარ უჩერებენ და საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.

დღის ამბები