პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. თავისუფალი მარშის მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას სიტყვით მიმართავენ. გამომსვლელების ერთადერთი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.
„ამ 10 დღეში დავამკვიდრეთ ტრადიცია, მოვუწოდოთ იმ ხალხს, ვინც არ მოვიდა აქციაზე, ვინც არ არის ბოლომდე გაბრაზებული დათხრილი თვალების გამო, ვინც არ არის გაბრაზებული შინაგან საქმეთა მინისტრის დაცინვის გამო, ვინც არ არის გაბრაზებულ ბიძინა ივანიშვილის უტიფრობის გამო. ამიტომ, კიდევ ერთხელ მეათედ, მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, მოვიდნენ პარლამენტთან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.