ბათუმში, ერას მოედანზე ერთმანეთის პარალელურად, ორი კონტრაქცია გაიმართა. არასამთავრობოების ნაწილი, რომელთაც ბანერზე "სისხლიანი 9, პლიუს 7 წელი" ეწერათ, აცხადებდნენ რომ თბილისის აქციას უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ აქციის მონაწილეებს. ასევე მათი განმარტებით ეს წარწერა ბათუმელი ახალგაზრდების ინიციატივით გაკეთდა. ამ აქციის პარალელურად ერას მოედანზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ბათუმელები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ მეორე აქცია "პატრიოტთა ალიანსის" მოწყობილია და მათ არ უერთდებიან.
"ვუერთდებით თავისუფლების მარშს, რომელიც მიმდინარეობს თბილისში და მთავარ მოთხოვნად სრულიად საქართველოში რჩება, რომ მუნდა გადადგეს გიორგი გახარია, რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშული. აქ იმართება ასევე აქცია, სადაც დაგვხვდა შეფარულად "პატრიოტთა ალიანსის" მესიჯი, აქცია, რომელიც თითქოს სოლიდარულია თბილსიში მიმდინარე აქციის, მაგრამ არაფერი საერთო არ აქვს, საერთო გამოტანილი მესიჯებით და საერთოდ ერთი სიტყვა არ არის ნახსენები ოკუპაციაზე,"- ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა კი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისის ღამეს გადადგმული ნაბიჯებით ის უპირატესობა დაკარგა, რაც მათი განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონდათ.
"თუ "ქართული ოცნება" მანამდე აპელირებდა იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის სისხლიანი მმართველობა, იმ სისხლისღვრით, რაც ჩვენ ვიხილეთ რუსთაველზე, მას მორალური ეს უპირატესობა, რასაც თვლიდა რომ ჰქონდა, აღარ აქვს,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა.