მმართველი პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას ხვალ გეგმავს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ოპოზიციური პარტიების ხმები გადამწყვეტია.
„ინდივიდებს, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან, ჩვენ პოლიტიკური მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს. "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ სურვილი ექნებათ ან შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის, ამის პრობლემა არ ექნებათ. რომც დაუჭიროს უმრავლესობის ყველა წევრმა, უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. "ქართული ოცნება" მარტო, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაიტანს და ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და ეს თქვენთვის სიახლე არ არის. უხერხულია, მეტი თუ არაფერი, გინდოდეს პოლიტიკურ ძალას რომ პარტიად მიიჩნეოდე ქვეყანაში, ადგილი გინდოდეს საქართველოს პარლამენტში და ამბობდე, რომ 0.7%-იც კი არ დამიჭერს მხარს მე ქვეყანაში, მაგრამ მაინც უნდა აღმოვჩნდე პარლამენტში. მე მგონი, ეს არ არის ჯანსაღი და სწორი მიდგომა, ამიტომ 0%-იანი ბარიერი და ბლოკები, ფაქტობრივად გამორიცხავს ერთმანეთს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.