"რუსთავი 2"-ის ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები, რომლებიც, ძალიან მაღალი ალბათობით, ძალიან მაღალი თანამდებობის პირის დანაშაულზე მიუთითებს - ამ დრომდე ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთხმად იმეორებენ, მომიტინგეებისთვის დამიზნებით სროლა, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც აქცია, ფაქტობრივად, უკვე დაშლილი იყო, მხოლოდ ცალკეული პოლიციელების თვითნებური გადაცდომა იყო და მათთვის ასეთი ბრძანება არავის მიუცია. თუმცა, "კურიერის" კამერამ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს. რომ ის სამართალდამცველების რიგებში დგას და არათუ ხედავს, როგორ ესვრიან ისინი ადამიანებს, არამედ პირადად, უშუალოდ აძლევს მათ ასეთ მითითებას.
ანზორ ჩუბინიძე პირდაპირ თითით ანიშნებს ერთ-ერთ სამართალდამცველს, ვის უნდა ესროლოს.
სავარაუდოდ მითითებებს აძლევენ ჩუბინიძესაც, რადგან ამ კადრში ჩანს, რომ ის სავარაუდოდ რაციით იღებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად გასწორების მითითებებს და რაციითვე გადასცემს ბრძანებებს.
ანზორ ჩუბინიძე პარლამენტის კიბეებზე მითითების გასცემდა მთელი ღამის განმავლობაში. მანამდე კი სწორედ ანზორ ჩუბინიძეს ჰქონდა დავალებული ავადსახსენებელი სერგეი გავრილოვის განსაკუთრებული დაცვაც - 20 ივნისს, პარლამენტიდან გამოძევების შემდეგ, ჩუბინიძე პირადად მეთაურობდა დეპუტატს სასტუმროდან გამოყვანას და აეროპორტისკენ გამგზავრებას, ხოლო მანამდე, გავრილოვის დასაცავად საკუთარი ოჯახის წევრი გაგზავნა - თავისი ქალიშვილის მეუღლე.
ინტენსიური სროლის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის უფროსი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" და შენობიდან ადევნებენ თვალს, რა ხდებოდა თბილისის მთავარ გამზირზე. იცოდნენ რომ ჰყავდათ რამდენიმე ასეული დაზარალებული, ახალგაზრდები რომლებმაც თვალები დაკარგეს, მაგრამ გამზირზე სროლა და სპეცეკიპირებული პოლიციელების აგრესია არ დასრულებულა.
კანონი ბრძანების გამცემებს გაახსენდათ მას შემდეგ, რაც თბილისის მთავრი გამზირიდან საავადმყოფოებში 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიზანმიმართულად ესროლა და სდია ადამიანებს. უკვე გათენებისას აქციაზე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა-"დაიშალეთ თორე დაგშლით," თუმცა ამ დროისთვის ქუჩაში უკვე აღარავინ იყო.